ეკა ხოფერიას საავტორო გადაცემა სოციალურ ქსელებზე გამოწვეული რეზონანსის გათვალისწინებით ალბათ ძალიან ბევრმა ადამიანმა ნახა. მითუმეტეს, რომ გადაცემის თემა ისეთი იქნა შერჩეული უემოციოდ თვალს ვერავინ მიადევნებდა.
აღნიშნულ გადაცემაზე უკვე ბევრი შეფასება გაკეთდა და ამ მიმართულებით  ახალს ალბათ ვერაფერს ვიტყვი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გუშინდელ გადაცემის შემდეგ შეიძლება ითქვას არის ის, რომ ყინული დაიძრა! და კონტექსტის მიუხედავად კარგია, რომ ამ თემაზე გადაცემა გაკეთდა. ვერ ვიტყვით, რომ ლგბტ თემებს საქართველოში ტაბუ ადევს, თუმცა მოსახლეობის ზოგადი ცნობიერება აღნიშნულ საკითხებზე იმდენად დაბალია, რომ ნებისმიერ კონტექსტში მისი განხილვა ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური მომენტია საზოგადოებისთვის.

მართალია, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა ლგბტ საზოგადოების მარგინალიზაციის ნიადაგზე გუშინ ორთოდოქსი/ჰომოფობი ამომრჩევლის ემოციური „შენ გენაცვალე“ დაიმსახურა, თუმცა იმედია ეს არ გამოხატავს ქართული საზოგადოების საერთო პოზიციას.
გადაცემაში აღნიშნული იყო, რომ ძიძიგურს და ლორთქიფანიძეს განსხვავებული აზრი დაუპირისპირა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა (ისიც ნაწილობრივ) და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ მოიძებნება არავინ, ვინც ღიად დაიცავდა სექსუალური უმცირესობების უფლებებს საქართველოში. ევროსაბჭოში გაწევრების შემდეგ მართალია ჰომოსექსუალური აქტის დეკრიმინალიზაცია მოხდა, თუმცა პოლიტიკური სპექტრის აბსოლუტური უმრავლესობა ალბათ დაუფიქრებლად დააბრუნებდა  კანონს ძალაში.

პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ველოდი რომ სამოქალაქო საზოგადოების და ხელოვნების სფეროს უფრო მეტი წარმომადგენელი მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა მხოლოდ ოთხი ადამიანი მოიძებნა ისეთი, ვინც დაიცავდა უმცირესობათა უფლებებს იმ სიბნელის წინააღმდეგ, რომელიც ასე ფართოდ იყო გუშინ წარმოდგენილი. ამასთან ერთად ჩემთვის არასაკმარისი არგუმენტები მოვისმინე/წავიკითხე იმ ადამიანების მხრიდან, ვინც მიიღეს მოწვევა და უარი განაცხადეს გადაცემაში მონაწილეობის მიღებაზე. ამ შემთხვევაში „ძიძიგური შეურაცხადია,“ „მე მაგას პოლიტიკურ ქულებს არ ჩავაწერინებდი“ და ა.შ. არ არის საკმარისი დასაბუთება იმისთვის, რომ თავი აარიდო მსგავსი ტიპის გადაცემაში მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანის პიროვნული არჩევანია და მიზეზთა გამო ყველას არ აქვს გამბედაობა/მოტივაცია გაუმკლავდეს სახალხო ზიზღს, აუცილებელია, რომ უფრო მეტი ადამიანი საუბრობდეს ადამიანის უფლებებისა და ჰომოფობიის პრობლემებზე საქართველოში. უნდა ვაცნობიერებდეთ იმას, რომ სანამ არ მოხდება მსგავს საკითხებზე  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, ვითარების შეცვლას არც უნდა ველოდოთ. შესაბამისად ნუ გაგვიკვირდება და პოსტ-ფაქტუმ ქილიკს ნუ დავიწყებთ თუ ერთ დღესაც აღმოვაჩენთ, რომ საქართველოს პარლამენტი და ქვეყნის მთავრობა ჰომოფობი პოლიტიკოსებით იქნება დაკომპლექტებული.



0 comments:

Post a Comment