მეგონა რაღაც შეიცვალა... 4 წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეხება აღარ მქონია და როგორც მინიმუმ იმის მოლოდინი მქონდა, რომ განათლების არათანმიმდევრული, მაგრამ მეტ-ნაკლებად მაინც განხორციელებული რეფორმის შედეგად სტუდენტების სხვა კატეგორია მოხვდა „ცოდნის ტაძარში“. არ მინდა განვაზოგადო, დარწმუნებული ვარ თსუ-ში ძალიან ბევრი კარგი სტუდენტი სწავლობს, თუმცა 15 აპრილს თსუ-ს მეხუთე კორპუსში მიღებული გამოცდილების შემდეგ ძალიან რთულია პროგრესზე ან აზროვნებაში მიზერულ გარდატეხაზე საუბარი.

ადამიანები, რომელთა მზერაში მხოლოდ სიავე გამოსჭვივის; პატარა პოლიტიკანები, რომლებიც მზად არიან ყველაზე იოლი გზით აფოფხდნენ ქართული პოლიტიკის კვარცხლბეკზე; ქუჩის ბიჭები, რომლებიც ვერ იტანენ განსხვავებულ აზრს და მზად არიან მუშტი-კრივით გაუმკლავდნენ ადამიანებს, ვისაც მათზე კრიტიკული აზრი დასცდება  - მხოლოდ მსგავსი შეფასებები შეიძლება გავიმეტო იმ ადამიანების მიმართ ვინც გუშინ უნივერსიტეტში გამოხატულ განსხვავებულ აზრს მუშტი, მუქარა და გინება დაუპირისპირა
.

შევარდნაძის დროსაც უნივერსიტეტი სავსე იყო ზემოთაღწერილი ტიპის „სტუდენტებით“, მაგრამ მაშინ ეს როგორც წესი კვოტურ სისტემას ბრალდებოდა და ისედაც იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული ვითარება არც ტოვებდა უკეთესი მოლოდინის საფუძველს. გულწრფელად მეგონა რომ აღნიშნული სისტემის გაუქმებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად როგორც მინიმუმ ქუჩური გარჩევები და დანების ტრიალი წარსულს ჩაბარდა,
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ პოსტ რევოლუციურ საქართველოში ფესვებგადგმული კირკიტაძე/ვარძელაშვილის თანამოაზრეები და ნაციონალური მოძრაობის „უმცროსი“ მხარდამჭერები, უნივერსიტეტის კონტროლის შემდეგ ძალინ მარტივად ინაცვლებენ წამყვან პოზიციებზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, თბილისის მერიასა თუ სხვა სამთავრობო დაწესებულებებში. ეს ის ინსტიტუციებია, სადაც თსუ-ს „ცხოვრებისეულად ოროსანი“ ყოფილი თვითმმართველობა მასიურადაა წარმოდგენილი. თუმცა, ამ ადამიანებს აღმოაჩნდათ საკამრისი ჭკუა იმისთვის, რომ შეექმნათ მყარი სისტემა, რომელიც თაობიდან-თაობებს გადასცემს თვითმმართველობის სულისჩამდგმელთა და მათი სამეგობრო კლანის დანატოვარს.

არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ თსუ-ს ვერცერთი პროფესორ მასწავლებელი ვერ რისკავს ღიად დაუპირისპირდეს თვითმმართველობას, რისი მაგალითიც გუშინ სახეზე იყო. მაშინ როცა მეხუთე კორპუსში წარმოდგენილი თვითთმართველობა (საუბარია დაახლოებით ოცამდე ყმაწვილზე) მუშტი-კრივით საქმეებს აგვარებდა, დამსწრე პროფესორ-მასწავლებლები მშვიდად ადევნებდნენ თვალს ამ ყველაფერს და არაფერი იღონეს ვითარების განსამუხტად. ანალოგიური უნდა ვთქვა თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელზეც, რომელიც თავისი ქმედებით არ შეიძლება თვითმმართველობისგან განცალკევებით იყოს განხილული. ამ ჯგუფს ჰქონდა გავლენა ყოფილ რექტორ გიორგი ხუბუაზე და კირკიტაძე-ვარძელაშვილის მხარდაჭერის პირობებში დიდია ალბათობა იმისა, რომ იგივე ვითარება იყოს კვიტაშვილთან მიმართებაშიც.

შეგახსენებთ, რომ თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის დებულების II თავის მეშვიდე მუხლის გ) პუნქტი აღნიშნავს, რომ სტუდენტური თვითმმართველობის მიზანია „დაეხმაროს სტუდენტებს მაღალკვალიფიციური განათლების მიღებაში, თვითრეალიზებასა და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბებაში; ისევე როგორც სტუდენტების მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო დებულების თანახმად ვალდებულია დაიცვას და წარმოადგინოს სტუდენტური უფლებები როგორც უნივერსიტეტში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული დოკუმენტი სავსეა ამ და სხვა ფიქციური პუნქტებით, რეალობა კი გუშინ კარგად იქნა აღწერილი თვითმმართველობის ბანდის მთავარი მსხვერპლის მიერ, რომელმაც თვითმმართველობას ტაშ-ფანდურასა და ექსკურსიებზე ორიენტირებული წარმონაქმნი უწოდა. რთულია არ დავეთანხმო აღნიშნულ მოსაზრებას, იმის ნაცვლად, რომ თვითმმართველობა სტუდენტური პრობლემების მოგვარებით იყოს დაკავებული ხარჯების ალოკაცია ძირითადად პრივილირეგირებული სტუდენტების ვოიაჟებს და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს ხმარდება. მაშინ როცა თარგმნე“-ს ინიციატორ ახალგაზრდებს და სხვა სტუდენტებს ქართულ ენაზე რიდერების არარსებობის პრობლემა აწუხებს და ამავე დროს ერიდება/ეშინია თვითმმართველობასთან კონფრონტაციას უკვე სრულიად გასაგები მიზეზების გამო. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო სტუდენტების ზოგადი ინდიფერენტულობა აღნიშნული ორგანოს მიმართ, რაც ლოგიკურ ასხვას ჰპოვებს მის საბოლოო დაკომპლექტებაზეც. ე.წ. „ნერდი“ და უნივერსიტეტში განათლების მისაღებად მისული სტუდენტები როგორც წესი არ ინტერესდებიან თვითმმართველობის მსგავსი აქტივობებით, რაც განაპირობებს იმას რომ არ ხდება მათივე ინტერესების გათვალისწინება. სტუდენტების მეორე კატეგორია კი რომელსაც არ მოსწონს თვითმმართველობის საქმიანობა, თვალს ხუჭავს ყველაფერზე დროებითი პირადი სარგებელის ან ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.


ალბათ დროა ამას წერტილი დაესვას და 15-16 აპრილის ცემის ფაქტებს (დღეს თვითმმართველობის მაგარმა ბიჭებმა მუქარა შეასრულეს შეხვედრის ორ მონაწილეზე) მოჰყვეს ადეკვატური რეაქცია, როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან, ასევე განათლების სამინისტროდან. აუცილებელია გადაიხედოს  უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი, უნივერსიტეტის წესდება და შეუჩერდეს უფლებამოსილება ამ არაფრისმომცემ ორგანოს, რომელიც 21-ე საუკუნის კომსომოლებით და კირკიტაძე-ვარძელაშვილის ორეულებით არის დაკომპლექტებული. 

პ.ს. ამ ამბების შემსწრე შალვა რამიშვილის ეს გენიალური ვიდეო გამახსენდა...

0 comments:

Post a Comment