ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Ranking Web of World Universities თანახმად პირველ ადგილზეა საქართველოში. თუმცა, საქართველოში პირველობა რომ დიდი ვერაფერი ბედენაა ამას მოწმობს ის ადგილი, რომელსაც საქართველოს "საუკეთესო" უნივერსიტეტი იკავებს - 5915! 

აღნიშნულ უნივერსიტეტთან შეხება არასოდეს მქონია. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ  ბაკალავრიატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მესმოდა საუბრები ილიაუნის პროგრესზე, იქ მოღვაწე აკადემიურ წრეებზე და საქმისადმი სწორ დამოკიდებულებაზე. ზემოჩამოთვლილი მიზეზები საკმარისი გახდა ჩემთვის, რომ საქართველოში არსებული ვარიანტებიდან არჩევანი სწორედ ამ უნივერსიტეტზე შემეჩერებინა. ჰოდა ვებ-გვერდის შემოწმების შემდეგ გადავწყვიტე დოქტურანტურაზე საბუთების გაგზავნა. საბუთების პირობითად, თორემ მოთხოვნილ დოკუმენტებს რთულია საბუთები უწოდო.  CV, დიპლომი და ელექტრონული რეგისტრაციის ფორმა - ეს არის იმ დოკუმენტების სრული ჩამონათვალი, რასაც ილიას უნივერსიტეტი დოქტურანტურის (!) აპლიკანტებისგან ითხოვს! შეგახსენებთ, რომ მოთხოვნილი არ ყოფილა მოტივაციის წერილი, არც რეკომენდაცია და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, თუნდაც მოკლე აღწერა იმ კვლევითი გეგმის, რომელსაც  სტუდენტმა აკადემიური 3 წელი უნდა დაუთმოს!

მართალა ცოტა გამიკვირდა მინიმალური მოთხოვნების გამო, მაგრამ ჩავთვალე რომ ინგლისურის გამოცდა და შემდეგ გასაუბრება საკმარისი იქნებოდა აპლიკანტის კვალიფიკაციის/მოტივაციის შესამოწმებლად. მაგრამ რეალობა ასეთი აღმოჩნდა:
  • უნივერსიტეტს არ დაუდასტურებია საბუთების მიღება ელექტრონული ფოსტით, მოგვიანებით არაერთი მცდელობის შედეგად გავარკვიე, რომ თურმე ვებ-გვერდზე დადებენ ინფორმაციას შემდეგი ეტაპების შესახებ!
  • ინგლისური გამოცდა ვინც გაიარა/ვერ გაიარა ყველა მათგანის დაშვება მოხდა გასაუბრებაზე, იმ პირობით, რომ ერთი წლის განმავლობაში წარადგენენ ინგლისურის ცოდნის დამადასტურებელ შესაბამის სერთიფიკატს;
  • მას შემდეგ, რაც ვებ-გვერდზე ინფორმაცია განახლდა გასაუბრების შესახებ, აღმოვაჩინე რომ აპლიკანტებთან ინტერვიუსთვის გათვალისწინებული იყო მხოლოდ 5 (!) წუთი, რაც ცხადია ვერ დავიჯერე და ჩავთვალე, რომ უბრალოდ დროის არასწორ დაგეგმვასთან მქონდა საქმე. თუმცა არა...
ალბათ შევცდი, რომ ზემოთნახსენები გამოცდილების შემდეგ გასაუბრებაზე მივედი, თუმცა ეს უკვე ინტერესის საგანი გახდა. მაინტერესებდა როგორ დააგვირგვინებდა ამ საოცარი სელექციის პროცესს საქართველოს საუკეთესო უნივერსიტეტი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო გასაუბრებაზე ილიაუნის თითქმის ყველა ცნობადი სახე იყო წარმოდგენილი, უნივერსიტეტის რექტორის ჩათვლით (რომელიც ინტერვიუს პროცესს წარუძღვა). თუმცა, 'იყო წარმოდგენილი' ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხუთწუთიანი ინტერვიუს განმავლობაში ერთ გამსაუბრებლებს  Ipad-დან არ ამოუხედავს (ალბათ მიხვდებით ვისაც ვგულისხმობ), ერთიც ინტერვიუს დროს ტელეფონზე საუბრით დაკავდა და ოთახი ამის ნიადაგზე დატოვა, დანარჩენი ორი ზუსტად არ მახსოვს რით იყო დაკავებული, მაგრამ სტატისტის როლი კარგად შეასრულეს და ფიზიკურად დაფიქსირდნენ ინტერვიუზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც აღნიშვნას იმსახურებს არის ის, რომ გამსაუბრებლებს არ ჰქონდათ ჩემი  CV და იმის გათვალისწინებით, რომ სხვა დოკუმენტებს უბრალოდ არ ითხოვენ, ინტერვიუერი (ამ შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი) თითქმის არ ფლობდა ინფორმაციას ჩემს შესახებ :). როგორც ჩანს პრინტერი მწყობრიდან გამოვიდა ან გარემოსთან მეგობრობის ნიშნად ფურცლებზე არ ბეჭდავენ...

მოკლედ გამიგრძელდა... შეიძლება ცხელ გულზეც ვწერ, მაგრამ მირჩევნია საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე ვთქვა სათქმელი, რომ მერე ამას გაბრაზებულის სარჩული არ მიკეროს. ალბათ დავით აფრასიძეს, ისევე როგორც ალბათ სხვა აღნიშნულ უნივერსიტეტში დასაქმებულ ადამიანებს უნახავთ თუ რა სიტუაციაა თუნდაც ნორმალურ (!) და არა საუკეთესო უნივერსიტეტებში. სამწუხაროდ დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ვითარება და საქმისადმი დამოკიდებულება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს! 


















0 comments:

Post a Comment