არ ვიცი რამდენად იმსახურებს ეს ადამიანი თუნდაც მასზე დახარჯულ რამდენიმე წუთს, მაგრამ თემის სენსიტიურობის და სამწუხარო რეალობის გათვალისწინებით, რომელიც მის სამსახურეობრივ პოზიციას უკავშირდება არ შემიძლია მორიგ ჯერზე უბრალოდ ინდიფერენტული დავრჩე მის გამოხტომებზე.

ამ პოსტის წამკითხველი ადამიანების დიდი ნაწილი ალბათ უკვე მიხვდა ვისზეც არის საუბარი.. რთულია გაიხსენო სხვა სოციალურად აქტიური ადამიანი, რომელიც მსგავსი არაადეკვატურობით და გაუწონასწორებელი საქციელით დაამახსოვრებს თავს საზოგადოებას, როგორც ამას უკვე მინიმუმ ერთი წელია აკეთებს ორგანიზაცია “იდენტობას” დირექტორი - ირაკლი ვაჭარაძე.

როგორც გარეშე პირს, რომელსაც უშუალო შეხება ნაკლებად ჰქონია აღნიშნული ორგანიზაციის შიდა სამზარეულოსთან, გამიჭირდება ზედმიწევნით კარგად აღვწერო ის ვითარება, რაც დღეს სუფევს იდენტობაში, სამაგიეროდ ვიცნობ ირაკლი ვაჭარაძესთან კონფლიქტში მყოფი ადამიანების საკმაოდ დიდ რაოდენობას, ვინც სხვადასხვა დროს მასთან ერთად საქმიანობდა ორგანიზაციაში. ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მასთან დაპირისპირებული ადამიანების სიას, უკვე რამდენიმე თვეა მეც შევუერთდი, ერთი საკმაოდ აბსურდული ვითარება საკმარისი გახდა იმისათვის, რომ თავზე დამტყდომოდა ირაკლი ვაჭარაძის ისტერია, ბრალდებები და მუქარა.

ეს იმ ყველაფრის ფონზე, როცა რეალურად ვცდილობდი ნაკლებად გამეზიარებიანა ჩემს გარემოცვაში ამ ადამიანზე მკაცრად ჩამოყალიბებული შეხედულებები და მეტ-ნაკლებად კოლეგიალურ მდგომარეობაში გამეგრძელებინა ურთიერთობა საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ორივე ჩვენგანი სხვადასხვა ფორმით ვემსახურებით. თუმცა ესეც შეუძლებელი აღმოჩნდა..

უნდა ვაღიარო, რომ ჩემი მხრიდან ალბათ ‘ნაივური’ იყო იმის დაჯერება, რომ შეიძლებოდა საქმიანი ურთიერთობა მქონოდა ადამიანთან რომელმაც, ლგბტ ორგანიზაციაში მოღვაწეობის ერთწლიან პერიოდში მოასწრო და გადაიმტერა თემის წევრების საკმაოდ სოლიდური ნაწილი. ამას გარდა მოახერხა ისიც, რომ წარმატებით გაართვა თავი და ეჩხუბა სოციალურად აქტიურ და ლგბტ მეგობრულ ადამიანებს. ერთი ნინია კაკაბაძესთან დაკავშირებული ინციდენტიც საკმარისია იმის ასახსნელად თუ ვისზეა საუბარი.. (ამ შემთხვევაში მისი ნაძალადევი და არაგულწრფელი ბოდიში ნაკლებად ღირებულია). იმ პირობებში, როცა უაღრესად მნიშვნელოვანია ქართულ საზოგადოებაში ლგბტ პირებისადმი შემწყნარებლობის კონსტრუირება, ეს ადამიანი თავისი საქმიანობით აკეთებს სრულიად საპირისპიროს.

შესაბამისად ამ ადამიანის ქმედება იმთავითვე არაეფექტურს ხდის ორგანიზაცია იდენტობის საქმიანობასაც, რომელიც სწორედ ირაკლი ვაჭარაძის გამო მიუღებელია ლგბტ თემის საკმაოდ მასშტაბური ნაწილისთვის და ამას მოწმობს ისიც, რომ ორგანიზაცია ცალსხად განიცდის აქტიური და კვალიფიციური ლგბტ პირების ნაკლებობას. ამის გათვალისწინებით არგუმენტი იმის თაობაზე, რომ რესურსების ნაკლებობაა ცალსახად უსუსურია. იმ პირობებში, როცა ფართოდ არის ცნობილი ვაჭარაძის სამუშაო ეთიკის და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, ცხადია, რომ მცირე იქნება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც აღნიშნულ ორგანიზაციასთან რაიმე სახით აფილირებას მოახდენს.

უშუალოდ ორგანიზაციის შიდა სამზარეულოზე ჩემმა მსჯელობამ შეიძლება არაობიექტური ხასიათი მიიღოს, მაგრამ შოთა ხინჩაგაშვილის განცხადება, საკმარისია იმისთვის რომ წარმოდგენა შევიქმნათ რა რესურსებზეა იდენტობა დაფუძნებული და რა მიმართულებით ვითარდება. როდესაც ორგანიზაციას არ აქვს სტრატეგიული განვითარების გეგმა და ორიენტირებულია მხოლოდ საგრანტო პროგრამებზე, როდესაც არ აქვს ჩატარებული არსებული რისკების ანალიზი, მინიმალურ ყურადრებას უთმობს თემის ახალი წევრების მოზიდვას და მათ გადაწყვეტილებების პროცესში ჩართვას და ამ ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანიამთელი რესურსი მხოლოდ ერთი პიროვნების მოჩვენებითი ისტერიკების დაშოშმინებას მოხმარდეს, მაშინ პატარ-პატარა კარგი და სასარგებლო საქმეები მხოლოდ აურიდებელი დისკრედიტაციის გადავადებაა, დაზარალებული თემი აღმოჩნდება.”

შოთას  მიერ ჩამოთვლილ პუნქტებს დავუმატებდი ორგანიზაციის გამგეობის არაეფექტურობას, რომელიც იმთავითვე არ ასრულებს “ checking” -ის ფუნქციას და პოსტზე ამყოფებს ადამიანს, რომელიც რეალურ პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ორგანიზაციისთვის, არამედ ქართული ლგბტ აქტივიზმისთვის. ამას ემატება ის საკითხიც, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ორგანიზაციას არ აქვს საშუალება რეალურად განახორციელოს ცვლილებები. იმის გათვალისწინებით, რომ იდენტობა არ ახდენს ახალი ადამიანების მოზიდვას და შემოიფარგლება მხოლოდ ასოცირებული წევრებით. რასაც ლოგიკურად მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ ვადებში იდენტობას უბრალოდ ფიზიკურად არ ეყოლება (და არც ყოლია აქამდე) ნამდვილი წევრები, ვისაც ექნებათ ხმის და შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებაში პირდაპირი მონაწილეობის უფლება. ამ ყველაფრის ფონზე რთულია ისაუბრო ქართული ლგბტ აქტივიზმის პერსპექტივებზე, როცა ფინანსურად ყველაზე მძლავრი ორგანიზაცია, მასთან აფილირებული ადამიანის გამო სრულიად არამიმზიდველი და შესაბამისად არაეფექტურია თემის დანარჩენი წევრებისთვის.

დასარულს მინდა მივმართო აღნიშნულ ორგანიზაციაში დასაქმებულ თუ რაიმე სახით ჩართულ ადამიანებს, რომ კიდევ ერთხელ გადახედონ თავიანთ ღირებულებებს და დაფიქრდნენ რამდენად მოდის ეს თანხვედრაში ირაკლი ვაჭარაძის ფიგურასთან. ეს ის შემთხვევაა, როცა გაჩუმება და ამ ყველაფერთან არშეწინააღმდეგება ისეთივე ბოროტებაა, როგორიც ირაკლი ვაჭარაძის საქმიანობა ლგბტ ორგანიზაციაში.





0 comments:

Post a Comment