ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ფილმზე ან სატელევიზიო შოუზე მომინდებოდა რამის დაწერა. მეგობრებთან საუბარი როგორც წესი საკმარისია ამ საკითხზე აზრების გასაცვლელად. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ერთი ადამიანიც არ ვიცი ჩემს ირგვლივ ვისთანაც ამ კონკრეტულ სატელევიზიო შოუზე ვისაუბრებდი, გადავწყვიტე მივიწყებული ბლოგი გამოვიყენო.

‘Borgen’-ის ყურება ერთი თვეა დავიწყე. მახსოვს ამ სერიალს შარშან ყველა ჩემი სკანდინავიელი (და არა მარტო) მეგობარი უყურებდა. რიგი მიზეზების გამო აქამდე ვერ მოვაბი თავი, რომ მეც დამეწყო. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბევრი წვალების და შესაბამისი ბმულების ძებნის შემდეგ როგორც იტყვიან ‘ჩავუჯექი’.
დანიური სატელევიზიო შოუ, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენა მოახდინა იმ პროდუქციის კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც სასურველია რაც შეიძლება ფართო აუდიტორიამ იხილოს. პოლიტიკური დრამა, რომელიც დანიის პირველი ქალი პრემიერ მინისტრის ცხოვრებასა და მოღვაწეობას აღწერს, შეიძლება ითქვას რომ ყველაფერზეა ერთდროულად. როგორი უნდა იყოს პოლიტიკოსი და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქალი პოლიტიკოსი. როგორ უნდა მუშაობდეს მედია და როგორია პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება მინისტრის პორტფელის მიღმა. მოკლედ ყველაფერთან ერთად ‘ჟიზნენი’ სერიალიცაა, რომელმაც, როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ დანიური საზოგადოება ქალი პოლიტიკური ლიდერისთვის შეამზადა. შეგახსენებთ, რომ დანიას დღეს პირველი ქალი პრემიერ მინისტრი ჰყავს. ჰელე ტორნინგ-შმიდტი სოციალ-დემოკრატების ლიდერია და 2011 წლიდან უდგას სათავეში დანიის სამეფოს მინისტრთა კაბინეტს. სხვათაშორის ჰელე სწორედ ის ქალია, ვინც რამდენიმე დღის წინ ობამასთან გადაღებული ‘selfie’-თ უფრო დაიმახსოვრა მსოფლიომ J.
მოკლედ ისევ სერიალს რომ დავუბრუნდე,  უნდა აღვნიშნო, რომ სპეც-ეფექტებით და განსაკუთრებული ხარისხით ვერ გაგაკვირვებთ. ამ ჟანრის მოყვარულთათვის House of Cards შესაძლოა ბევრად უფრო მარტივი საყურებელი იყოს. ბოლო-ბოლო HoC ინგლისურ ენაზეა და დანიურის მოსმენა და სუბტიტრებზე თვალების ‘დათხრა’ არ დაგჭირდებათ. მაგრამ მეორე სეზონის დასრულების შემდეგ თამამათ შემიძლია ვთქვა, რომ ამადაც ღირს.
Borgen-ი არის ყველაზე საინტერესო და ‘educative’ სატელევიზიო შოუ, რაც ოდესმე მინახავს. ეს არის ქრესტომათიული სერიალი პოლიტიკოსების, ქალი საჯარო მოხელეების, ფემინისტების და უბრალოდ პოლიტიკით დაინტერესებულთათვის. ვინც უყურებს House of Cards და Newsroom-ს, ბორგენი აღნიშნული სერიალების ერთგვარი ნაზავია და წესით უნდა დაგაინტერესოთ.

თუ ზემოთქმული საკმარისად დამაჯერებლად მოგეჩვენათ მიყევით ბმულს და ისიამოვნეთ :) http://watchseries.lt/serie/borgen

პ.ს.
სამწუხაროა რომ ქართულ ტელესივრცეში მსგავსი პროდუქციით თითქმის არ ინტერესდებიან. სამაგიეროდ ‘ტელევიზიონშიკები’ წარმატებით ახერხებენ ლათინო-ამერიკული და ახლა უკვე თურქული მდარე პროდუქციით ჯეო მოსახლეობის ცნობიერების ‘ამაღლებას’. 

0 comments:

Post a Comment