ამას წინათ რუსთავი 2-ზე ქართული ფილმის „დონ ჟუანის“ კადრებს მოვკარი თვალი. როგორც ჩანს მსოფლიო ჩემპიონატმა სერიოზულად იმოქმედა ქართული არხების პროგრამებზე. მოკლედ, აღნიშნული ფილმის (რომელიც ჩემდა გასაკვირად არ ვიცოდი რომ არსებობდა) რამდენიმე წუთიან მონაკვეთს ვუყურე. სიუჟეტზე,  ბევრი რომ არ ვილაპარაკო დამაფიქრა მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში ევროპისადმი დამოკიდებულებამ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სხვა არაერთ ქართულ ფილმში ვხვდებით ეპიზოდებს, სადაც ნათლად ჩანს პარიზის თუ ევროპაში განთლების ელიტურობა. მაგრამ მერე რა?! დღესაც, მეტ-ნაკლებად გახსნილი საზღვრების პირობებშიც შეიძლება ითქვას, რომ პარიზიც და ევროპაც ქართული რეალობიდან საკმაოდ შორს მოჩანს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ევროკავშირის დროშა იფრიალებს საქართველოში და რამდენჯერ მოხდება ევროპელობის თვით-დეკლარირება, უნდა გავაცნობიეროთ რომ ილუზიაა ფიქრი იმაზე, რომ უახლოეს დეკადში საქართველო ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას მოახდენს.

ბოლო დღეების განმავლობაში, ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ევროკავშირმა რეგიონის მიმართ ინტერესი დაკარგა და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვაში დელეგაციების ხელმძღვანელთა პოსტების გაუქმება ხდება. რაც არ შეესაბამება სიმართლეს და ერთგვარი ნაწილია იმ შიდა რეფორმებისა, რომელიც ლისაბონის ხელშეკრულების რატიფიცრებას და ამჟამად უკვე ახალი სტრუქტურული დანამატის - საგარეო მოქმედების სამსახურის შექმნით არის განპირობებული. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში საუბრები იმაზე, რომ საქართველოს არ უფასებენ პრო-ევროპულ მისწრაფებებს ჩემი აზრით რეალობას არის მოკლებული. საქართველო, ისევე როგორც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დანარჩენი სახელმწიფოები თავისივე სურვილით ჩაერთვნენ იმ პროცესში, რომელიც აღნიშნული სახელმწიფოების ევროკავშირთან ეკონომიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებდა, რაც არამც და არამც არ მოიცავს სრულ პოლიტიკურ ინტეგრაციას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა“ სათაურშივე გულისხმობს, რომ იგი - ევროკავშირის მეზობელი სახელმწიფოებისთვის არის განკუთვნილი და მის ძირითად ამოცანას, ევროკავშირის საზღვრებთან დემოკრატიის ხელშეწყობა, უსაფრთხოება და დაცული საზღვრების არსებობა წარმოადგენს. თუმცა, ვითარება რაღაც დოზით მაინც შეიცვალა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის გაჟღერების შემდეგ. აწ გარდაცვლილი ლეხ კაჩინსკისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარლ ბილდტის ინიციატივამ გარკვეულწილად მოახდინა ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ ევროპელი მეზობლების დიფერენციაცია. მახსოვს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სიკორსკის სიტყვები, -  "To the south, we have neighbours of Europe. To the east, we have European neighbours.” მოკლედ გაჩნდა იმედები და გაიზარდა მოლოდინებიც როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ინტეგრაციის მიღწევის რეალურობაზე. თუმცა, ცალსახად ამის დაფიქსირება ევროკავშირის მხრიდან არ მომხდარა. ამასაც შეიძლება თავის ახსნა მოეძებნოს, ისევე როგორც თურქეთის შემთხვევაში ევროკავშირი ერიდება პირდაპირ და რადიკალურ განცხადებებს, მითუმეტეს, როცა მსგავსი არაფრის მომცემი დეკლარაცია შეიძლება აღნიშნული სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური განვითარების ვექტორის ცვლილების საფუძვლადაც იქცეს. ამგვარი სურათი უკვე იქმნება თურქეთში, რომელიც მიუხედავად ოფიციალური პრო-ევროპული კურსისა სულ უფრო პრობლემური ხდება ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის.

ზოგადად ევროპაში დღეს არსებული ვითარების ფონზე კი გაფართოებაზე საუბარი ცოტა სასაცილოც კია, მითუმეტეს მაშინ როცა ევროკავშირის ლიდერებმა პირველად გაფართოების ისტორიის მანძილზე იგნორი გაუკეთეს ევროკომისიის რეკომენდაციას მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის დაწყების თაობაზე. მოკლედ რომ ვთქვათ თურქეთის ანალოგზე, ”ჯოხისა და სტაფილოს” (Stick and Carrot) მეთოდი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნა გამოყენებული. მეტიც, მსგავსი მიდგომა საერთოდაც აბსურდულ ხასიათს იღებს, როცა საქმე ეხება ბოსნია-ჰერცოგოვინას და უფრო კონკრეტულად იმ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც აღნიშნულ სახელმწიფოში არიან დასახლებულნი. ყოველივე ამის ფონზე ცხადი ხდება, რომ ევროკავშირი ამ ეტაპზე მზად არ არის გაფართოებისთვის, არსებული კრიზისული ვითარების ფონზე, რომელიც ბევრი ექსპერტის თუ ევროსკეპტიკოსის აზრით ევროკავშირს დაშლამდე მიიყვანს ახალი წევრების მიღებისთვის სივრცეს არ ტოვებს. მითუმეტეს, რომ ბრიუსელს ჯერ კიდევ მძიმედ აწევს ის პოლიტიკური შეცდომა, რომელიც 2007 წლის 1 იანვარს რუმინეთისა და ბულგარეთის წევრებად მიღებისას იქნა დაშვებული.
             
           



0 comments:

Post a Comment