რამდენიმე წელია თბილისს საგულდაგულოდ ალამაზებენ. ხდება ქუჩების სისტემატიური გაწმენდა და ქალაქის ხშირ შემთხვევაში უხარისხოდ, მაგრამ მაინც რეკონსტრუქცია. პირადად მე თბილისის მაცხოვრებელთა იმ კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც საბოლოო ჯამში კმაყოფილია ბოლო 7 წლის მანძილზე ქალაქში მომხდარი ცვლილებებით. 


თუმცა ქართველებს საბჭოთა კავშირიდან სხვა ”სიკეთეებთან” ერთად, ლოგიკურად გადმოჰყვათ სახელმწიფოსადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება. ქართველი (ვგულისხმობ საქართველოს მოქალაქეს) არასოდეს ზრუნავს გარემოზე, არ აწუხებს ხეებზე უთვალავი რაოდენობის პოლიეთილენის პარკი, რომელიც განსაკუთრებით ზამთარში თბილისის ხედების განუყრელ ნაწილად იქცა. ქართველი არასოდეს ატარებს ნაგავს ხელით 100 მეტრის რადიუსში არსებულ სანაგვე ყუთამდე, ქართველს წარბი არ აუთამაშდება ისე გადმოაგდებს ნაგავს ფანჯრიდან, არ შეწუხდება როცა ნაბეღლავის ბოთლს მოისვრის მანქანიდან და არ ჩათვლის რომ რამე არასწორი ჩაიდინა, როცა ნაგვით სავსე პარკი მდინარეში გადაუძახა. (რაც თავის მხრივ შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის ბრალიც არის)


მოკლედ. მსგავსი ჩამონათვალის სრულყოფას ერთი პოსტი ნამდვილად არ ეყოფა, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ სიბინძურესა და გარემოსადმი არასათანადო დამოკიდებულებას ფართოდ აქვს ფესვები გადგმული ჩვენს საზოგადოებაში. რეალობაა ასევე ისიც, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია ევროპაში. ქალაქი სადაც მათხოვრობა პროფესიად იქცა და სოციალური მდგომარეობა კატასტროფის ზღვარზეა თითქოს არ უნდა იყოს დრო მსგავს ამაოებებზე საფიქრელად, მაგრამ მე არ მინდა იმ საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ზემოჩამოთვლილი ქცევები/ჩვევები ნორმად არის ქცეული.


სახელმწიფო ვერ გააკონთროლებს მოქალაქეს, რომ ნაგავი ქუჩაში არ დაყაროს, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ყველა იმ სიავეზე, რომელიც საფუძვლიანად არის დამკვიდრებული საზოგადოებაში. სამოქალაქო თვითშეგნება და სახელმწიფოსადმი ლოიალობა თუ არ გაიზრდება, ქართველი ყოველთვის დაყრის ქუჩაში ნაგავს და მოისვრის პოლიეთილენის პარკს ფანჯრიდან, რომელიც საბოლოოდ თბილისის მორიგ ნატვრის ხეზე აღმოჩნდება.
ზოგჯერ მექმნება ხოლმე წარმოდგენა, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვერ გააცნობიერა ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომ საქართველო აღარ არის საბჭოთა კავშირის ნაწილი და არ შეიძლება ისევე ”გეკიდოს” შენი ქვეყანა, როგორც ეს დიადი საბჭოთა კავშირის დროს იყო დამკვიდრებული. თუმცა, ეს თუ შეიძლება საბჭოთა თაობის ცვლილებებთან ადაპტირების არაელასტიურობას დავაბრალოთ, იგივე თეორიას ვერ მივუსადაგებთ ახალ თაობას. მაშინ სად არის გამოსავალი? საიდან უნდა დაიწყოს ან ვინ უნდა მოახდინოს სამოქალაქო კულტურის ამაღლება?

ხსნა ალბათ ისევ განათლებაშია! :). მიუხედავად იმისა კერძო იქნება თუ სახელმწიფო, სკოლა (ოჯახთან ერთად რა თქმა უნდა) უნდა იქცეს იმ სოციალურ ინსტიტუტად, რომელიც სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ის რაც აპრობირებულია დასავლეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში, თავისუფლად შეიძლება ქართულ სკოლებშიც დაინერგოს.მსგავსი პრაქტიკის განხორციელების შემდეგ მივიღებთ თაობას, რომელიც დააფასებს თავისივე ნაშრომს,  და ბევრად უფრო ფრთხილად მოეკიდება იმ საკითხებს რომელიც დღეს მეასე ხარისხოვნია.

და ასევე მინდა დავდო ფოტო, რომელმაც საერთოდ ამ პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა. ერთი ჩვეულებრივი ქუჩა კატალონიაში, რომლის მსგავსიც ევროპის თითქმის ყველა ქალაქში მოიძებნება. ვიწრო, მისტიური და ევროპული, რომელსაც ყოველთვის ამშვენებს აივნებზე გადმოფენილი ყვავილები. ამას სახელმწიფო ნამდვილად არ აკეთებს, უბრალოდ ქართველებისგან განსხვავებით ევროპელებს გარემოსადმი სხვა დამოკიდებულება აქვთ, მათ უხარიათ როცა მათი ქუჩა ლამაზია და არ ელიან სახელმწიფოს მიერ საღებავის უფასოდ დარიგებას, რომ მიმდებარე ტერიტორია ან თავისივე აივანი გაალამაზონ. 

ცალკე თემაა საერთოდ საქართველოში ასე დამკვიდრებული ნაჯღაბნები, რომელსაც, მიწისქვეშა გადასასვლელში, მეტროში თუ ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში უხვად წააწყდებით. ზოგჯერ მიკვირს კიდეც როგორ ასწრებენ დააწერონ მეტროს ესკალატორიდან, რომელიც მოძრაობს და რომლის გასწვრივაც სარეკლამო დაფები მუდმივად დაჯღაბნილია. თან ეს ყველაფერი ცალსახად მოკლებულია კრეატივიზმს. ის რაც რეალურად შეიძლება ქუჩას ალამაზებდეს, საქართველოში სრულიად საპირისპირო სურათს ქმნის.

მოკლედ რომ აღარ გავაგრძელო მე ის ყველაფერი რაზეც ზემოთ ვისაუბრე მაღიზიანებს. და არ მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება სადაც მსგავსი უმსგავსობები სხვა ”სიკეთეებთან” ერთად მისაღებია საზოგადოებისთვის. 

0 comments:

Post a Comment