Wednesday, June 25, 2014

Anti Putin Protest in Vienna










ირაკლი ღარიბაშვილის BBC-თვის მიცემული ინტერვიუ სავსებით ლოგიკურად ბოლო დღეების მთავარი განსახილველი თემა გახდა. ბევრი მოსაზრება იქნა გამოთქმული თუ რა საფრთხეებს შეიცავდა მისი ზედმეტად მოზომილი და ‘რუსეთს არ ვაწყენინოთ’ ტიპის ინტერვიუ. ამიტომ ამას აღარ შევეხები. თუმცა მის ინტერვიუში ერთი ფრაზა იყო ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის ე.წ. ოქროს შუალედს შეეხებოდა. საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით საქართველოს მთავრობამ შეძლო და მიაგნო იმ ჯერ არნახულ/არგაგონილ ოქროს შუალედს, რომლის არსიც ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვასა და პარალელურად რუსეთთან კონსტრუქციული ურთიიერთობის შენარჩუნებაში მდგომარეობს.
 
არ ვიცი რა კონკრეტული საფუძველი აქვს პრემიერის განცხადებას, მაგრამ ღარიბაშვილის სიტყვებმა  თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის მიერ სომხეთზე გაკეთებული განცხადება გამახსენა. ივანიშვილმა სომხეთში ვიზიტისას ჩვენი მეზობელი სახელმწიფო სამაგალითოდ გამოაცხადა რუსეთთან და დასავლეთთანაც წარმატებული ბალანსის პოლიტიკის გამო. „ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს ჩვენი პრიორიტეტების შესახებ – ეს არის ევროპა, ევრო–ატლანტიკული ალიანსი. ჩვენ განუხრელად ვივლით ამ მიმართულებით, მაგრამ პარალელურად წარმოიშვება კითხვა – შესაძლოა თუ არა შევათავსოთ ურთიერთობების აღდგენა და მეგობრული ურთიერთობების დამყარება რუსეთთან და ამასთან ერთად კარგი ურთიერთობა გვქონდეს ნატოსთან, ვისწრაფვოდეთ ნატოსკენ და კარგი ურთიერთობები გვქონდეს ამერიკასთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან? მე ვფიქრობ, რომ სომხეთი კარგი მაგალითია და სომხეთი კარგ მაგალითს წარმოადგენს ქართველებისთვის, რაც მხოლოდ თეთრი შურით გვშურს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2013 წლის იანვარში სომხეთში ვიზიტის დროს. მოკლედ, ის რისიც ბიძინა ივანიშვილს თავისი პრემიერობის პირველ თვეებში ასე შეშურდა, წარმატებით განავრცო ირაკლი ღარიბაშვილმა. თუმცა, 2013 წლის იანვრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და დღეს არსებული მოცემულობით სომხეთი სამაგალითოდ ვეღარ გამოდგება.

ერევანი, საქართველოს და მოლდოვას მსგავსად სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ასოცირების ხელშეკრულებაზე, თუმცა მას შემდეგ რაც კრემლმა აღმოსავლეთ პარტნიორობა გეოპოლიტიკური ბრძოლის საგნად აქცია, ზუსტად ერთი (!) დღე დასჭირდა რუსეთს, რომ სომხეთის ‘მისაბაძი’ საგარეო პოლიტიკა თავისი სურვილისამებრ განესაზღვრა. ასე და ამგვარად, სომხეთი ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერთა სიას პირველი გამოეთიშა და საგარეო პოლიტიკური ბალანსიც ჩრდილოეთისკენ გადაიხარა. არაფერს ვამბობ ნატო-ზე, სადაც სომხეთს არასოდეს ჰქონია განსაკუთრებული ამბიციები.

მოკლედ, სომხეთის ეს უკვე მოძველებული ისტორია იმიტომ გავიხსენე, რომ შეგახსენოთ პატონო პრემიერო თუ რა პერსპექტივა აქვს ბალანსის პოლიტიკას რუსეთთან. საუბარი არ არის იმაზე, რომ პუტინი ‘ლილიპუტინად’ მოიხსენიოთ საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ წარსული გამოცდილებიდან და ქვეყნის სამომავლო ინტერესებიდან გამომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ტრიბუნის გამოყენება, რომ მოსალოდნელი საფრთხის შემთხვევაში მარტო არ დავრჩეთ.